20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
კალანდიას ჩვენებები, ხარვეზები გამოძიებაში, სუბელიანის პასუხისმგებლობა, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე - გახარიამ და შოთაძემ ოპოზიციის მწვავე კითხვებს უპასუხეს

საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმაურიანი სხდომა 4 საათზე მეტია მიმდინარეობს.

ოპოზიციის მწვავე კითხვებს, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე უპასუხა.

ირაკლი შოთაძეს და გიორგი გახარაიას, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, საგამოძიებო კომისიაში უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჰკითხავენ.

ირაკლი შოთაძე, პოსტიდან გადადგომის შემდეგ, საჯაროდ დღეს პირველად გამოჩნდა, ის ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საქმეზე არსებულ კითხვებს პირველად პასუხობს.

ირაკლი შოთაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო. ირაკლი შოთაძემ ასევე ისაუბრა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე, მისი თქმით, ამ ეპიზოდის გამომძიებელ მირზა სუბელიანთან ამ საკითხზე საუბარი არასოდეს ჰქონია. 

რაც შეეხება შს მინისტრს, გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის მუშაობა არაერთხელ გააკრიტიკა.

მან კომისიის თავმჯდომარეს იმის გამოც უსაყვედურა, რომ გამოსაკითხად ხუთი გამომძიებლიდან მხოლოდ ერთი დაიბარა, ხოლო ისეთი პირები გამოჰკითხეს, რომლებიც მკვლელობის საქმის გამოძიებაში არ მონაწილეობდნენ, ასეთ პირებად გახარიამ გამომძიებელი კახა სირაძე და დეტექტივების ხელმძღვანელი იოსებ სიგუა დაასახელა.

მანვე ისაუბრა მირზა სუბელიანზე და განმარტა, რომ სუბელიანი დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება და თუ გამოიკვეთა, რომ ის გამოძიებაზე ზეწოლას ახდენდა მისი ბრალი გადაკვალიფიცირდება.

გახარიას თქმით, როდესაც სუბელიანს ერთ-ერთ ოქმში გამომძიებელი უცნობ პირად იხსენიებს ეს არ მეტყველებს მასზე ხელის დაფარებად, რადგან სუბელიანს არ იცნობდა აღნიშნული გამომძიებელი. გახარიამ ისიც განცხადა, რომ მან საქმეში მონაწილე მოზარდების მშობლებს შორის მირზა სუბელიანზე სტატუსით უფრო გავლენიანი პირებიც ნახა.

„მე სხვა მშობლებში იქ ვიცი ბევრად უფრო გავლენიანი ხალხი,თქვენ თუ არ იცით,“-განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შესაძლოა გამოძიების ფარგლებში არსებობდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ეს განპირობებული იყო იმით, რომ გამოძიება ორიენტირებული იყო დაეკავებინა ყველა იდენტიფიცირებული პირი, რომელებიც არათუ არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, მინისტრის თქმით, ხშირ შემთხვევაში მშობლები შვილების გადამალვას ცდილობდნენ.

შს მინისტრისა და ყოფილი მთავარი პროკურორის გამოკითხვის შემდეგ კომისიის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი დაიკითხება. ამით საგამოძიებო კომისია მუშაობას დაასრულებს.

დღის ამბები