20 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
მედვედევის მუქარა და თბილისის პასუხი - კანონმდებლები საფრთხეებზე საუბრობენ

დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება, საქართველოს პარლამენტის წევრები ეხმაურებიან. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიას რუსეთი არ უზრუნველყოფს.

„დიდი ხანია, ენერგეტიკული ომი მიმდინარეობს, რასაკვირველია, მედვედევის და რუსეთის ინტერესების სხვა არის. ჩვენი ინტერესები სხვა არის, მაგრამ ყოველთვის ვამბობდით და გავიმეორებთ, რომ არავის წინააღმდეგ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით არავის წინაღმდეგ არ არის მიმართული,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის თქმით, აგვისტოსა ომი სწორედ ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლის გამო მოხდა.

„აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის და პუტინის შეხვედრაზე, ალბათ, იყო საუბარი სწორედ ნატო-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე. როგორც ჩანს, რუსეთი მოითხოვს აშშ-სგან, რომ მათ უარი თქვან ნატო-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერისგან იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთმა ითანამშრომლოს აშშ-სთან ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა ირანი და სირია და როგორც ჩანს, რუსეთის მხარემ ეს დაპირება ვერ მიიღო,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანამ ნატო-სკენ სწრაფვა არ უნდა შეანელოს.

„ჩვენი გზა არის ერთი, ძალიან მშვიდად, წყნარად გავაგრძელოთ ჩვენი სვლა ნატო-სკენ, რაც უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-სთან, მით უფრო მეტი ასეთი განცხადება გაკეთდება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რუსეთის პრემიერმა, მედვედევმა საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. მან ასევე, აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

დღის ამბები