20 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობა - საპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციებში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს ევროპული საქართველო.

ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ, გააკეთა.

გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს თავმჯდომარეობის კანდიდატიც კი შესთავაზონ, თუმცა, კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.

„ჩვენც ვაპირებდით მასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს პრეზიდენტ მარგველაშვილთან ამ საკითხზე დისკუსიის. გახსოვთ, ალბათ, გვენეტაძესთან დაკავშირებით მან სწორედ იმ ნიშნით შეარჩია, რომ რადგან თქვენ არ მოგწონთ, ესე იგი კარგიაო, ასე ესმოდა ეს, მაგრამ იმედი მაქვს, საკუთარ ამ მძიმე შეცდომაზე ისწავლა და ჩვენ მზად ვართ ახლაც მასთან კონსულტაციებისთვის, რათა შევარჩიოთ. დისკუსია გვექნება, შეიძლება შეთავაზებაც იყოს. მე არანაირი გვარების და სახელების დასახლება წინასწარ არ მინდა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, რაც არ უნდა კომპეტენტური იყოს ის, პარლამენტი მაინც არ დაამტკიცებს.

„პრეზიდენტმა რომ წარმოადგინოს მსოფლიოში ყველაზე მცოდნე და ყველაზე კომპეტენტური იურისტი, მაინც არ დაამტკიცებს ეს პარლამენტი და ეს ხელისუფლება. დიდი ალბათობით, მას არც კი განიხილავენ და გადაიდება 4 თვის მერე, მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება და ნაცვლად პრეზიდენტისა, მას წარმოადგენს უკვე კომპრომატირებული იუსტიციის საბჭო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნიამ.

„ნომერ პირველი მოსამართლე, პირველ რიგში, უნდა ხედავდეს სწორად სასამართლო რეფორმის განხორციელების გზებს და შესაძლებლობებს. ეს ჩვენ უნდა დავინახოთ. საზოგადოება  უნდა დაინახოს, თუ რამდენად უნარიანი იქნება კანდიდატი, ქვეყნის ნომერ პირველი მოსამართლეობის გაართვას თავი ამ რეფორმას და ამოცანებს,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.

დღის ამბები