„რა თქმა უნდა, შამბას ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - ეს შეფასება სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა გააკეთა.
დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ აფხაზ და ოს ხალხს ქვეყანამ უნდა დაანახოს, რომ საქართველო მტერი არ არის.
„ოკუპაციის დასრულებას აქვს ორი მნიშვნელოვანი მიმართულება. პირველი, ეს არის რუსეთის ძალების გაყვანა საერთაშორისო მხარდაჭერით და მეორე, ეს არის პირდაპირი დიალოგი იმ ადამიანებთან, ვინც დღეს ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა. ამიტომ, რა თქმა უნდა, შამბას ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა, ნებისმიერი ასეთი მზადყოფნა, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ აფხაზებსაც და ოსებსაც, ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაუშვებელია, საქართველო იყოს პირისპირ ან მხოლოდ რუსებთან, ან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.
„ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკება, რომელიც ჩვენ გვექნება ნებისმიერ წარმომადგენელთან ოკუპირებული ტერიტორიებსა, უნდა აუცილებლად მოხდეს მრავალმხრივ ფორმატში, სადაც ასევე იქნებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დაუშვებელია, რომ ასეთი ტიპის მოლაპარაკებებზე საქართველო იყოს პირისპირ ან მხოლოდ რუსებთან, ან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში ამის გარანტია არ არსებობს,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.