26 აპრილი 2024,   18:51
ვრცლად
სკანდალური ფოტოსესია - ქართველი მოჭიდავეები რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით და საზოგადოების მწვავე პროტესტი

ფოტო, რომლის გამოც გულშემატკივრები მოჭიდავეებს დაუპირისპირდნენ, 4 თვის წინ დაღესტანში ევროპის ჩემპიონატზეა გადაღებული. მასზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელს რუსეთის დროშის ფერებიანი მაისური აცვიათ, რომელზეც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულატ თედეევია გამოსახული. ფოტოს გავრცელებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

ხმაურიანი სკანდალის ფონზე ცნობილი ქართველი მოჭიდავეები თავს პირადი ურთიერთობებით და მეგობრობით იმართლებენ.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილმა განმარტა, რომ ჯამბულატ თედეევი ქართველი სპორტსმენების ქომაგია და ეს მხოლოდ მისთვის გადადგმული მეგობრული ნაბიჯი იყო.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დღეს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო ბოდიში მოიხადა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე კი ამტკიცებს, რომ თედეევი მტერი არ არის, მეგობარია და ქართველებს ბევრჯერ დაეხმარა.

ცხინვალში გაზრდილი თედეევი დღეს ცნობილია როგორც კრემლის ერთ-ერთი ფავორიტი სპორტსმენი. გარდა ამისა, ის საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთი მხარდამჭერია და 2008 წლამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობასაც გეგმავდა.

ფოტოსურათი, სადაც ქართველ მოჭიდავეებს თედეევის საპატივსაცემო მაისურები აცვიათ, ინტერნეტგამოცემა on.ge-მ გაავრცელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები