საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, "იმ სიტუაციაში, როცა ქართული ოცნება უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, კანდიდატის დასახელება იქნებოდა კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტირებული".
"ქართული ოცნება ღიად აცხადებდა, რომ ის კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ანუ ერთადერთი შესაძლებლობა, შანსი, კანდიდატურა საქართველოს პარლამენტში დამტკიცებულიყო, ეს იყო ფართო კონსენსუსი. სამწუხაროდ, ეს ფართო კონსენსუსი ვერ მოხდა. ფართო კონსენსუსის გარეშე, კიდევ ერთხელ, როცა ქართული ოცნება უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, ფაქტია, კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტირებული. მინდა შეგახსენოთ, რომ დღესაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილია მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი არც კი განიხილავს. ასე რომ, კონსესუსი სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე ვერ შედგა,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.