10 პოლიტიკურ პარტიას, რომლებმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობენ, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს.
ოპოზიცია, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს ასახელებს, რაც კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუკი რაიმე დარღვევები არსებობს, რაზეც ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეაგირება უნდა მოახდინოს. ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ თუკი რაიმე სამართალდარღვევა არსებობს, ამას უნდა ჰქონდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
„მთავარია რომ სისტემური პრობლემა არ არსებობს, თუ არის სადმე კონკრეტული გადაცდომა, ამაზე რა თქმა უნდა, რეაგირება მართებს ცესკოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც, ცესკო სათანადოდ ჩაეძიება ამ საკითხს და თუ არის სამართალდარღვევა, ამას უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი ოპონენტები თავს იზღვევენ ხოლმე არჩევნების წინ, ისინი იწყებენ ცესკოს კრიტიკას, საარჩევნო ადმინისტრაციის კრიტიკას, ზოგადად, საარჩევნო პროცესების კრიტიკას. ამას ჩვენ ვართ მიჩვეული, მთავარია როგორი შეფასებები დაიდება ჩვენი პარტნიორების მიერ, როდესაც დასრულდება საარჩევნო პროცესი და მე დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც, ეს შეფასებები იქნება დადებითი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.