26 დეკემბერი 2024,   21:27
ვრცლად
25 წლის გოგოს მკვლელობის საზარელი დეტალები - თაკო გამრეკელაშვილის 6 წლის შვილი აღწერს, როგორ გამოჭრა ვეფხია ბაქრაძემ დედას ყელი

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის საქმეში მთავარი მტკიცებულება 6 წლის ბავშვის ჩვენებაა. 25 წლის მოკლული გოგოს შვილი მიცემულ ჩვენებაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, დეტალურად ყვება თუ როგორ გამოჭრა ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ქალს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი.

6 წლის ბავშვი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში იმასაც ამბობს თუ როგორ ცდილობდა 4 წლის ძმასთან ერთად დედის გადარჩენას. ბავშვის ჩვენების მიხედვით დაკავებული მცირეწლოვანებს მომაკვდავი დედისთვის ჭრილობების მიყენებას აიძულებდა.

ამ ჩვენებების მიუხედავად, 25 წლის გერის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ვეფხია ბაქრაძე დაკავებიდან 5 თვის შემდეგ ისევ არ აღიარებს. დაცვის მხარე მუხლის კვალიფიკაციას სადაოს ხდის და ქალის მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს.

25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა, ნათელა გობაძე აცხადებს, რომ ბრალდებული სახლის დაწვასაც გეგმავდა, თუმცა ვეღარ მოასწრო. 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ გობაძემ სასამართლოს დღეს პირველი ჩვენება მისცა.

მოწმეების დაკითხვამდე გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ხმაურით დაიწყო. ერთმანეთს მოკლული დედა და ბრალდებულის შვილი პირველად შეხვდნენ და დაუპირისპირდნენ.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილმა გარდაცვლილის დედა მკვლელობის პროვოცირებაში დაადანაშაულა. მხარეებს შორის ჩხუბი ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო და სიტყვიერი შეურაცხოფით გაგრძელდა.

თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე ვეფხია ბაქრაძის გარდა პატიმრობაში მისი ნათესავი თემურ ბაქრაძეც რჩება. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ვეფხვია ბაქრაძეს დაკავების შემდეგ პროკურატურამ ბრალი კიდევ 8 საქმეზე წარუდგინა, მათ შორის 46 წლის მამაკაცს სექსუალური ხასიათი დანაშაულსაც ედავებიან.

ავტორი: მარიამ კოპალეიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები