გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და არჩევნებში მისი კონკურენტის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ჩრდილი მიადგება.
„საკითხი იმაშია, რას მისცემს ის ქართველ ხალხს და მე თქვენ გეტყვით, ეს რას მისცემს ქართველ ხალხს. ეს მისცემს დემოკრატიისადმი ყოველგვარი ნდობის დაკარგვას, ეს მისცემს იმას, რომ ხალხი სულ უფრო უნდობლობით შეხედავს პოლიტიკურ კლასს და სახელმწიფო ინსტიტუციებს და ჩვენი მოკავშირეები სულ უფრო უნდობლობით უყურებენ საქართველოში დემოკრატიის ხარისხს, ეს არის ტრაგედია,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.
ვაშაძის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯი შეილახება.
„სალომე ზურაბიშვილის საგარეო პოლიტიკა რას ნიშნავს მე არ ვიცი, იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ეს ქალბატონი არის ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის იმისთანა ჯოჯოხეთური კოქტეილი, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკას კი არა, ჩვენს რეპუტაციას მოსპობს მაგის გამოჩენა საერთაშორისო არენაზე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოუცხადა.