21 დეკემბერი 2024,   21:56
ვრცლად
ივანიშვილს საქართველოს ქცევა უნდა ნარკოჰაბად, ნარკოკარტელის ქვეყნად - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში მარიხუანის წარმოების და ექსპორტის შესაძლო ლეგალიზებას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და სწორედ მას უნდა, რომ საქართვლო მარიხუანის მწარმოებელი და ექსპორტიორი გახდეს.

„ეს არ არის ჩემი მიმართვა, მე მინდა მოგიყვეთ უბრალოდ ერთი ამბავი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ოცნების პოლიტიკური საბჭო და წევრები მოელოდნენ, რომ ივანიშვილი ილაპარაკებდა სალომე ზურაბიშვილზე, მაგრამ ის პირდაპირ გადავიდა საქმეზე. მან მოუწოდა თავის პარტიას, მხარი დაუჭირონ კანონს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ხდება მარიხუანის მწარმოებელი ქვეყანა და მარიხუანა ხდება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ენმ-ის ლიდერის თქმით, ამის შესახებ საზოგადოება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა, როდესაც ივანიშვილის და მისი დეიდაშვილის - უჩა მამაცაშვილის, გეგმებზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილს მამაცაშვილთან ერთად ნარკოკარტელის გაკეთება სურს.

„მე ხომ ვამბობდი, რომ ლეგალიზაცია მას სჭირდებოდა იმისთვის, რომ რამდენიმე კვირით ადრე უჩა მამაცაშვილმა, მისმა დეიდაშვილმა, ჩამოიყვანა ამერიკიდან ამის სპეციალისტები და საქართველოში უნდოდათ ნარკოკარტელის გაკეთება და ახლა აკეთებენ კიდევაც. ჩემს დროს საქართველო ხდებოდა რეგიონალური ჰაბი ბიზნესის, კულტურის, განვითრების, ლოგისტიკის, ახალი ტექნოლოგიების. ივანიშვილმა ყველაფერი ეს ჩამოაშორა და საქართველოს ქცევა უნდა ნარკოჰაბად, ნარკოკარტელის ქვეყნად,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერის გამოცხადებასაც გამოეხმაურა. 

„მე მინდა, ვუთხრა იმ ოცნების წევრებს, რომლებიც გუშინ იყვნენ პოლიტსაბჭოზე და საერთოდ, ოცნების წევრებს, თქვენც ხომ ქართველები ხართ, ხალხო. კი, შეიძლება, პოლიტიკურად არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ თქვენც ხომ გიყვართ ეს ქვეყანა. თქვენც ხომ ხვდებით, რომ ივანიშვილი ძალიან დიდ შარში გხვევთ. ჯერ სალომე, საქართველოს მოღალატე და მტერი დაგასვათ კანდიდატად და ახლა ხელს გაწერინებთ წარმოუდგენელ საზიზღრობაზე. ივანიშვილს ეზიზღება საქართველო და უყვარს ფული. ამიტომ, ის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებს სალომე ზურაბიშვილს და უნდა საქართველოს გადაგვარება საქართველოს ნარკოტიკების მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად ქცევით და იმით, რომ ნარკოტიკების მაღაზიების ქსელის გაკეთება უნდათ მას, უჩას და მის შვილს - ბერას, მთელ საქართველოში. ეს არის ფაქტი და რეალობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები