22 დეკემბერი 2024,   11:14
ვრცლად
"კონსტიტუციით აიკრძალოს საქართველოში ისეთი მცენარეების კულტივაცია, რომლისგანაც ნარკოტიკის დამზადებაა შესაძლებელი" - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ოპოზიცია არ დაუშვებს, რომ საქართველო ნარკოწარმოების ქვეყნად გადაიქცეს.

„ერი და ბერი გაერთიანდა  იმ მავნებლური ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც  ითვალისწინებს ჩვენი გაუფასურებული, შეგნებულად გაუფასურებული სასოფლო-სამეურნეო მიწების მარიხუანის პლანტაციად გადაქცევას. კატეგორიულად წინააღმდეგია ამისი ერიც და ბერიც. მთელი საზოგადოება. გაერთიანებული  ოპოზიცია, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის  „ერთიანი  ნაციონალური მოძრაობა“, კატეგორიულად  მოითხოვს: პირველი, გამოიტანეთ  პარლამენტიდან ეს  კანონპროექტი. იმიტომ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით. არ დავუშვებთ საქართველოს ნარკოწარმოების ქვეყნად გადაქცევას. და მეორე,  არ დავუშვებთ იმას, რომ ამ ქვეყანას მართავდნენ ნარკობარიგები. თქვენი იდეალი თუ ნარკობარიგობაა, ჩვენი იდეალი არის წელში გამართული, ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებული ქვეყანა,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა დღეს საკანონმდებლო ინიციატივაზეც ისაუბრა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, აუცილებელია კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც კატეგორიულად აიკრძალება საქართველოში ისეთი მცენარეების მოყვანა, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს.

„ჩვენ აუცილებლად  ვაპირებთ, მოვითხოვთ და შევიტანთ ამ ინიციატივას,  რომ ჩვენს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომელიც კატეგორიულად აკრძალავს  საქართველოში იმ მცენარეების კულტივაციას, რომელთაგანაც შეიძლება ნარკოტიკების დამზადება.  ეს ჩვენი ერის პირდაპირი დაღუპვის გზა არის. თუ „ქართული ოცნების“  „ინიციატივა“ და ეს ბოდვითი იდეები განხორციელდა. ქართული ერის განადგურებას ნარკოტიკებით ჩვენ არ დავუშვებთ,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები