მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი დღეს გაიხსნა და მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობენ.
ადგილზე წარმოდგენილია სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები, გამოფენები და საჯარო ლექციები, რაშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების მთავარი მესიჯების და მათი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.
„მთავარი მიზანი ეს არის კომუნიკაცია მეცნიერების, ეს არის პოპულარიზაცია მეცნიერების და თქმა იმისა, რომ მეცნიერება არ არის მოსაწყენი. მეცნიერება შეიძლება, იყოს ძალიან საინტერესო, ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ევროპის აკადემიის კვლევითი ჰაბი, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არა ევროგაერთიანების ქვეყანაში იხსნება მსგავსი დონის კვლევითი ჰაბი,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
ფესტივალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც დაესწრო.
ფესტივალი საქართველოში 2015 წლიდან იმართება და ის პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება.