ტელეკომპანია „იბერია“ შემოსავლების სამსახურის განცხადებას ეხმაურება. საუბარია შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, "ომეგა ჯგუფის" მიმართ 13-ჯერ გადავადდა იძულებითი ღონისძიებების გადავადება და ეს განპირობებული იყო იმით, რომ თავისუფალი სიტყვა ქვეყანაში ყოფილიყო დაცული.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მათსავე განცხადებებში არაადეკვატურები არიან.
ხუზმიაშვილის თქმით, თავდაპირველად ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმე "იბერიასთან" ბმაში არ იყო, დღეს კი უწყებამ საპირისპირო ინფორმაცია გაავრცელა.
„იმდენად არაადეკვატურები არიან, რომ მანამდე რასაც აცხადებდნენ, რომ „ომეგასთან“ კავშირი არ ჰქონდა ტელეკომპანია "იბერიას" დღეს, პრაქტიკულად, დაადასტურეს. დაადასტურეს ის, რომ ვინაიდან შექმნილი არის „ომეგა ჯგუფში“ პრობლემა, პირდაპირ აისახება ტელეკომპანია „იბერიაზე“. გვითხრეს, რომ ყადაღას არ დაადებენ. დღეს გამოჩნდა, რომ ტელეკომპანია "იბერიას" ებრძვის საქართველოს ხელისუფლება, რომ ისინი ებრძვიან ჩვენს დამოუკიდებელ მედიასაშუალებას. თუ მათ სურთ, რომ ტელეკომპანია "იბერიამ" გამართულად იმუშაოს, უნდა მისცენ საშუალება "ომეგა ჯგუფს", რომ გამართულად იმუშაოს,“- განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.