17 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
"ხმას სალომე ზურაბიშვილს არ ვაძლევ... გამგები გაიგებს"- ჩაჩავას კლინიკის ექიმი, რომელმაც კანდიდატს 20 ათასი შესწირა ამბობს, რომ მისი მხარდამჭერი არ არის

ექიმები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს ათობით ათასი ლარი შესწირეს, მისი მხარდამჭერები არ აღმოჩნდნენ. მაგალითად ასეთია ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ კინტრაია, რომელიც "facebook" გვერდზე წერს, რომ ის არჩევნებზე მისვლას გეგმავს, თუმცა ხმის მიცემას ზურაბიშვილისთვის არ აპირებს.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დამიკავშირდა, ისინი ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მაფასებს .მათ შორის ისეთებიც ძალიან დიდი ხანი რომ არ მინახავს. მათ მიერ დასმული კითხვები გავაერთიანე და მინდა ყველას ერთად გავცე პასუხი
1. პრეზიდენტის არჩევნებზე ვაპირებ მისვლას?--ვაპირებ
2. ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევ?-- არა
3. ვის მივცემ ხმას?-დაველოდები საარჩევნო კომპანიის დამთავრებას და მერე გადავწყვეტ. ჯერ დრო ბევრია
4. ამას გულწრფელად ვამბობ?-დიახ
კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ სტატუსს ჩემი მეგობრებისთვის ვწერ. გამგები გაიგებს. ვინც ვერ გაიგებს კიდე, ყველას შეგეწიოთ უფალი,"-წერს კინტრაია. 

ნიკოლოზ კინტრაიამ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია 20 ათასი ლარით დააფინანსა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მის გარდა  სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებლების რიცხვს ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკის არაერთი ექიმი შეემატა. "ოცნების" რჩეული კანდიდატის ანგარიშზე მხოლოდ ამ ორი კლინიკის თანამშრომლების მიერ ჯამში, 200 ათას ლარამდე ლარი ჩაირიცხა.

მედიკოსები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ მათ თანხის გადარიცხვა მენეჯმენტმა აიძულა თუმცა განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდნენ ტელეკამერების წინ და აცხადებდნენ,  რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირადი სიმპათიის გამო მათ საკუთარი დანაზოგი გაიღეს.

დღის ამბები