17 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
"არ ვიცოდი თუ ამხელა გავლენა მქონია" - "ქართული ოცნების" დეპუტატი უარყოფს, რომ ექიმებს ზურაბიშვილისთვის თანხის გადარიცხვას მოითხოვს

ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების ერთ-ერთი მფლობელ ელგუჯა გოცირიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ექიმებისთვის თანხის გადარიცხვა არ უთხოვია.

იმის შესახებ, რომ ექიმები, რომლებმაც ჯამში 200 ათასი გაიღეს კანდიდატის საარჩევნო კამპანიისთვის ზეწოლას მენეჯმენტისგან განიცდიდნენ კულუარებში ჯერ კიდევ გასულ კვირას საუბრობდნენ. თუმცა მას შემდეგ რაც ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ კინტრაიამ facebook გვერდზე დაწერა, რომ ის სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს, ეს თემა უფრო აქტუალური გახდა. თავად ნიკოლოზ კინტრაიამ სალომე ზურაბიშვილს 20 ათასი ლარი გადაურიცხა.

არსებობს ვერსია, რომ სწორედ კლინიკის მფლობელები მოითხოვენ ექიმებისგან თანხების გადარიცხვას. 

ელგუჯა გოცირიძე კი ამტკიცებს, რომ მას კლინიკების პერსონალზე გავლენა არ აქვს და მათ თანხა საკუთარი სურვილით გაიღეს.

„თუ მე იმხელა გავლენა მაქვს, რომ ვიღაცას ვუთხრა, რომ  ოცი ათასი, თუ თხუთმეტი ათასი თუ რამდენიც არ უნდა იყოს  სადღაც გადარიცხეთ და ამას  ასე ვთქვათ ასე ადვილად ასრულებენ, ძალიან დიდი  გავლენა მქონია. ასეთი გავლენა თუ მაქვს  არ ვიცოდი ნამდვილად. მე შეიძლება ვიღაცას ვუთხრა ჩემს მეგობარს რომ დავეხმაროთ ამა და ამ ადამიანს. გაჭირვებულები მყავს მხედველობაში. თორემ ის რომ ახლა მე ვუთხრა ვინმეს, ექიმებს მათშორის, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა კანდიდატი  რომ იმათ დაეხმარეთ  და ასე სიტყვა შეუბრუნებლად გადარიცხონ თანხები მე მგონი არასერიოზულია. არ ვიცი შეიძლება მოილაპარაკეს, შეიძლება ასე უნდოდათ. მე სხვათა შორის მე თქვენგან გავიგე ჟურნალისტებისგან რომ ასე ყოფილა ეს. მერე გავიგე ეს. არ ვიცოდი თავში,“-განაცადა ელგუჯა გოცირიძემ.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებლების რიცხვს ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკის ექიმები შეემატნენ. "ოცნების" რჩეული კანდიდატის ანგარიშზე მხოლოდ ამ ორი კლინიკის თანამშრომლების მიერ ჯამში, 200 ათას ლარამდე ლარი ჩაირიცხა.

მედიკოსები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ მათ თანხის გადარიცხვა მენეჯმენტმა აიძულა თუმცა განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდნენ ტელეკამერების წინ და აცხადებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირადი სიმპათიის გამო მათ საკუთარი დანაზოგი გაიღეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები