17 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
ლუკა ფალიანის მკვლელობის საქმე - ადვოკატის მტკიცებით, საქმეში მკვლელობის იარაღი შეცვლილია, სხვა მტკიცებულებები კი განადგურებული

26 წლის ლუკა ფალიანის ოჯახი, სვანური ვენდეტით იმუქრება. გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი, ხელისუფლებას მკვლელების მფარველობასა და მტკიცებულებების განადგურებაში ადანაშაულებს. გარდაცვლილის ოჯახმა და ადვოკატმა აღმოაჩინეს, რომ საქმის მთავარი მტკიცებულება, 26 წლის ლუკა ფალიანის მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრი წაშლილია, ასევე, შეცვლილია მკვლელობის იარაღი-დანა. ოჯახს ეჭვობს, რომ მტკიცებულება პროკურატურამ განზრახ გაანადგურა და ბრალდებულებს ხელისუფლება მფარველობს.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, დავით ნიგურიანის შემთხვევაში, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთი ბრალდებულია მკვლელობაში, ამოღებულია ყავისფერტარიანი დანა, მაშინ როდესაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, მას ხელში მკვლელობის დროს შავტარიანი დანა ეჭირა. რაც შეეხება მეორე ცივ იარაღს, რომელიც არის ბექა მუშკუდიანის საკუთრება, სწორედ მასზე ეჭვობს ოჯახი, რომ ნიგურიანთან ერთად ლუკა ფალიანს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ადვოკატის მტკიცებით მუშკუდიანი თავიდანვე მიუთითებდა პოლიციას თუ სად გადამალა იარაღი, თუმცა ადგილის დათვალიერება მხოლოდ 4 დღის შემდეგ მოხდა. 

„გაქცევის შემდეგ დანა დამალა კონკრეტულ ადგილზე, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ძმა მივიდა ამ ადგილზე, იქ დანა ვერ იქნა ნანახი, თუმცა გადის 4 დღე აღნიშნულის შემდეგ როდესაც ვერ იქნა დანა ნანახი და უკვე იმავე ადგილზე მიდის იგივე პირი პოლიციასთან ერთად და აღმოჩენილ  იქნა დანა. რეალურად ეს არის სხვა დანა. არა ის დანა, რომელიც ჰქონდა ბექა მუშკუდიანს. საქმის მტკიცებულებებით აგრეთვე დგინდება, რომ შეცვლილი არის აგრეთვე დანა, რომელიც დავით ნიგურიანს, იგივე ჩაჩის დაპირისპირების დროს ჰქონდა. კერძოდ, საქმის მტკიცებულებით დასტურდება, რომ ჩხუბის დროს მას ჰქონდა შავტარიანი დანა, ხოლო მისი დაკავებისას ამოღებული იქნა მისგან არა შავტარიანი არამედ ყავისფერტარიანი დანა,“-განაცხადა ადვოკატმა კახაბერ სოსელიამ.

საქმის პროკურორი კი მტკიცებულებების განადგურებაზე ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მირანდა მუმლაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე წინასწარ საქმეზე ვერ ისაუბრებს.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე მე ვარაფერს ვერ გაგიმჟღავნდებთ. მე გთხოვთ დაელოდოთ  გამოძიების დასრულებას და შემდეგ ჩატარდება სასამართლო, სადაც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მტკიცებულების  განადგურებაზე ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ ვინაიდან მიმდინარეობს საქმეზე გამოძიება,“-განაცხადა პროკურორმა მირანდა მუმლაძემ.

ლუკა ფალიანი მესტიაში ზაფხულში მოკლეს. შს სამინისტროს მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი ჰყავს. ფალიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ ნიგურიანის გარდა მკვლელობაში კიდევ ხუთი პირი მონაწილეობდა. ფალიანების მტკიცებით, მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები