17 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
„ეს იყო თავდასხმა ჟურნალისტებზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა" - "კურიერის" ჟურნალისტი და ოპერატორი ექსპერტიზაზე იმყოფებოდნენ 

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ „რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფის წევრები ექსპერტიზაზე იმყოფებოდნენ. გორის საექსპერტო ბიურომ უნდა შეაფასოს, თუ რა სახის დაზიანებები მიიღეს „კურიერის“ ჟურნალისტმა, ეკა გაგუამ და ოპერატორმა, ლევან კალანდიამ ჩინური კომპანიის წარმომადგენლების მიერ მათზე ფიზიკური თავდასხმის დროს.

ფიზიკურად „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.

ჟურნალისტისა და ოპერატორის თქმით, სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ. ეკა გაგუა იმედოვნებს, რომ ინციდენტზე გამოძიება შედეგს გამოიღებს და დამნაშავეები დაისჯებიან.

„ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე. ეს იყო ხელის შეშლა ჟურნალისტურ საქმიანობაში, ეს იყო მუქარა და ფიზიკური ძალადობა იმის გამო, რომ ჩვენ გადავიღეთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით. კომპანიის მხრიდან მას შემდეგ არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. პოლიცია მოვიდა, უკვე ისინი გარშემო იდგნენ და ჩვენთან აღარ მოსულან. გაგრძელდება ძიება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძიება შედეგიანი იქნება და ის ადამიანები, ვინც იქ იყვნენ და ვინც ძალიან კარგად ჩანან, ჩვენს კადრებში, დაისჯებიან,“- განაცხადა ეკა გაგუამ.

„კურიერის“ ოპერატორმა, ლევან კალანდიამ ინციდენტი დეტალურად გაიხსენა.

„მოგვთხოვეს, რომ მასალა, რაც გადავიღე, ჩიპი მიმეცა, ჩიპი არ მივეცი, ამან აგრესია გამოიწვია და მომთხოვეს, რომ კამერა მიმეცა. კამერა არ მივეცი, მაგრამ იძულებული ვიყავი, რომ კამერა მიმეცა, რადგან კამერა წამართვეს, რამდენიმე კაცი იყო, სხვა გზა არ გვქონდა. ამასობაში ჩიპის ამოღება მოვახერხე,“- განაცხადა ლევან კალანდიამ.

„კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს. ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდათ.

ექსპერტიზა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ეკა გაგუა და ლევან კალანდია სამართალდამცველებმა კვლავ ხაშურის პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ამოცნობის პროცედურით გაგრძელდება. 

შს სამინისტრომ გამოძიება ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმას ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები