“რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის დროულ გამოძიებას ითხოვს სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციები მომხდარს შემაშფოთებელს უწოდებენ და “რუსთავი 2”-ზე ძალადობის წახალისებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
“მედიის საქმიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში და მათი ვერბალური შეტევები, შეურაცხყოფები მედიაზე, შესაძლოა წაახალისოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ან უკანონო ქმედების შემთხვევები“ - აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე.
სამოქალაქო სექტორი მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას ტელეკომპანიის წინააღმდეგ აგრესიული განცხადებების გაკეთებაზე და ადექვატური რეგირება მოახდინოს ისეთ ძალადობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა ხარაგაულში, ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიას წინააღმდეგ.
„ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებენ პრობლემებს, იძიებენ პრობლემებს იქნებიან მუდმივად საფრთხის ქვეშ, ხელისუფლება ხომ მუდმივ კამპანიას აწარმოებს "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, ამან შეიძლება კიდევ უფრო წაახალისოს განსაკუთრებით "რუსთავი 2"-ზე თავდასხმა და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმა“-ამბობს ტელეკომპანია ”კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ იმ კადრებიდან, რომელიც არსებობს, ჩანს რომ ადგილი ჰქონდა ძალადობასა და ნივთების დაზიანების მცდელობას. მესამე სექტორი ხელისუფლებას დროული რეაგირებისა და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.
გადამღები ჯგუფი ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად იყო ჩასული, როდესაც ჩინური კომპანიის წარმომადგენლები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.