17 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - ხის საამქროს თანამშრომელები ათი ათასობით ლარის ზარალზე საუბრობენ

ელიავას ბაზრობაზე ხის საამქროში, სადაც დილით ხანძარი გაჩნდა, ამ დრომდე რჩებიან მეხანძრე-მაშველები. ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის, თუმცა სამაშველო ბრიგადები მცირე კერებს ამუშავებენ.

ცეცხლი ხის საამქროში დილის 07:00 საათზე გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით 800 კვადრატული მეტრის ფართობი.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი. ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო. გადაკეტილ ტერიტორიაზე შესვლას ერთ-ერთი დაზარალებული ცდილობდა, თუმცა პატრულმა მას ამის საშუალება არ მისცა.

„ამ დროისთვის ხდება მასალის გამოტანა, ვინაიდან ქვეშ არის დარჩენილი პატარა ცალკეული კერები. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ამ დროისთვის 10 ერთეული სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, ჯერ სამუშაო არის, რადგან ძალიან ბევრი ხის მასალა იყო შიგნით,“-ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა ყირიმელი.

დაზარალებულები კი ამბობენ, რომ მათ საკუთარი საამქროს დათვალიერების საშუალება არ მიეცათ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ზარალი ათეულობით ათასი ლარი იქნება.

„20 ათასი ლარის მარტო წიფელა არის. გასაყიდ ფასს გეუბნებით. შეკვეთა მქონდა არებული 3000 ლარის და იმ კაცს რა ვუპასუხო დატოვებული ჰქონდა ფული. დაზღვევა არ გვაქვს,“-ამბობს დაზარალებული თენგიზ მანაგაძე.

საამქროს თანამშრომლები ამბობენ, რომ გამორიცხულია ხანძარი ელექტროენერგიის ხაზებს გამოეწვია, რადგან დენი მთელი ღამის განმავლობაში ითიშება.

დაზარალებულების თქმით, გარდა მასალისა, დამწვარია ხის დასამუშავებელი დანადგარები.

როგორც სადაზღვევო კომპანია ”ალფას” გენერალური დირექტორი კახაბერ დიასამიძე ამბობს, ხის საამქროს ნაწილი დაზღვეული და დაზარალებულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ კომპენსაციას გადაუხდიან.

 

დღის ამბები