17 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
ივანე მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა - სპეციალური პენიტენციური სამსახური

უცხოეთიდან მიღებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით ივანე მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყების განმარტებით, ვინაიდან დაცვის მხარე მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ მსჯავრდებულ მერაბიშვილის დიაგნოზი - ჰორნერის სინდრომი შესაძლოა ინტოქსიკაციის შედეგი იყოს, "მედიქლაბ ჯორჯიაში" ივანე მერაბიშვილს ტოქსიკოლოგების კონსულტაციაც გაეწია.

ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებულს მძიმე მეტალების შემცველობაზე სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებოდა. ანალიზი ჩატარდა 6 მძიმე მეტალზე: რკინა, სპილენძი, ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი და თუთია, ასევე კალციუმსა და მაგნიუმზე. მასალა გამოსაკვლევად გადაიგზავნა გერმანიაში "ლაბორატორია მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფი"-ს მიერ.

განცხადების მიხედვით, მიღებული პასუხის შედეგად ირკვევა, რომ ყველა ზემოთხსენებული მეტალის და მაკროელემენტის კონცენტრაცია სისხლში არის ნორმის ფარგლებში.

"ამის შემდეგ, მიღებული პასუხების საფუძველზე 12 ოქტომბერს გაიმართა ტოქსიკოლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნითაც ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ამასთანავე, კონსილიუმმა დაადგინა, რომ ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ივანე მერაბიშვილი რაიმე სახის დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებს.

კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევების შედეგები გამორიცხავს მსჯავრდებულის ადვოკატების მხრიდან ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველს, რადგან ივანე მერაბიშვილს ყველა სათანადო გამოკვლევა ჩაუტარდა, რაზეც მედპერსონალის მიერ რეკომენდაცია გაიცა,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები