17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
„პირდაპირი მუქარა "რუსთავი 2"-ის მიმართ" - ექსპერტები, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით შეშფოთებულები არიან

„რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს არასამთვრობო ორგანიზაციები და მედიაექსპერტები ეხმაურებიან. მათი აზრით, ეს არის პირდაპირი მუქარა დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე.

მედიაექსპერტების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისთვის „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა მიუღებელია. ისინი შეშფოთებულები არიან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მოსაზრებებით და აცხადებენ, რომ მას აქვს პირდაპირი გეგმა „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ.

„მუქარა იყო პირდაპირი, ასე თქვა, რომ ერთ წელიწადში გაჩვენებთ და ყველა ნახავს, როგორი უნდა იყოს ტელევიზია და როგორ უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი. 2 საათისა და 20 წუთის განმავლობაში ის ერთადერთი, ასაც აკეთებდა, "რუსთავი 2"-ის რეკლამას აკეთებდა, ლაპარაკობდა ამ არხის მნიშვნელობაზე. ისეთი ადამიანი კი, ვისაც არ მოსწონს ეს არხი, ისიც კი დაიჯერებს "რუსთავი 2"-ის მნიშვნელობას და აუცილებლობას დღეს, თუ რამე გაუჭირდება, ასეთი ადამიანებიც კი დაუდგებიან აწი. მე ამ სახით ბიძინა ივანიშვილი ორჯერ მყავს ნანახი. ვამაყობ, რომ ორივე შემთხვევაში ეს სახე მან მიიღო ჩემს მეგობრებთან საუბრისას. ერთი იყო, როდესაც სალომე ასათიანთან გქონდა ინტერვიუ და მეორე გუშინ, როდესაც მთავარი წამყვანი, ინტერვიუერი იყო ეკა კვესიტაძე. მას მუდმივად უწევს მონებთან, ერთგულებთან, იმ ადამინებთან ურთიერთობა, ვინც უპირობად იღებს ყველა მის სიტყვას, ეს ნიშნავს, რომ ის არის მეფე, ფეოდალი,“- განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

საინფორმაციო პორტალის ”Europe for Georgia - ევროპა საქართველოსთვის" დამფუძნებლის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის შეფასებით, ივანიშვილის განცხადებები აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. ბასილაიას თქმით, ივანიშვილისთვის არ არის პრობლემა ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პრობლემები, მისთვის მხოლოდ მთავარია, არ არსებობდეს "რუსთავი 2."  მისი განცხადებით, ხალხის აქტიურობა და საერთაშორისო საზოგადოება შეძლებს, რომ დამოუკიდებელი ტელევიზია შეინარჩუნოს.

„მუქარა მომეჩვენა, რომ მის სიტყვებში ჩანდა, ჟესტებში, გამომეტყველებაში და სახის ფერშიც კი, როგორადაც ელაპარაკებოდა ის „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენელს. ეს იყო შემაშფოთებელი, რაც ჩვენ გუშინ დავინახეთ. აბსოლუტური არაადეკვატურობა. მისთვის არ არის პრობლემა არც კორუფცია, არც ფარცხალაძე, არც სარდაფში დაბარებები და სავარაუდო ზეწოლა ფიზიკური ფორმით, არაფერზე ამ ადამიანს არ აქვს პრობლემა, მთავარია, არ არსებობდეს „რუსთავი 2“, რომ თუ მას ჰგონია, რომ მხოლოდ „რუსთავი 2-ით“ ვნახულობთ სინამდვილეს, ძალიან ღრმად სცდება, "რუსთავი 2-ის“ გარდა, ვარსებობთ ჩვენ საკუთარი თალებით, გონებით აქტიური მოქალაქეები,“- განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის, თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს რეალობის აღქმა დაკარგული აქვს.

„ეს კაცი ცხოვრობს სხვა რეალობაში, ეს ძალიან საშიშია. ადამიანმა, როგორც ჩანს, რეალობასთან შეხება დაკარგა. ეს გამოიწვია იმან, რომ ის გავიდა ჩრდილში, დარწმუნებული იყო, რომ თავისი სახლიდან შეძლებდა მთავრობის და ქვეყნის მართვას, არ გამოვიდა ასე. ვერ მართავს სიტუაციას. ეს აისახა ყველაფერზე, მათ შორის მის მიერ რეალობის აღქმაზე. „რუსთავი 2-ს“ თუ გამოვრთავთ, როგორც ჩანს, ქვეყანა აყვავდება და ლარის კურსიც გამყარდება. მე გთავაზობთ ექსპერიმენტის სახით, რომ ერთი საათით გათიშოთ ეთერი, ლარის კურსი თუ გამყარდა, ვნახოთ, იქნება მართალია ბატონი ბიძინა,“- აღნიშნა შარაშენიძემ.

ბიძინა ივანიშვილის თავდასხმის ობიექტი "რუსთავი 2" ერთ ინტერვიუში 65-ჯერ გახდა. ყოფილმა პრემიერმა კრიტიკული ტელეკომანიის სარედაქციო პოლიტიკის განეიტრალების კონკრეტული სქემაც დაასახელა და "რუსთავი 2"-ზე ზეგავლენის მოსახდენად სპეციალური პიარჯგუფების შექმნა დააანონსა. ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტულ ვადა დაასახელა, ყოფილი პრემიერის თქმით, ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები