17 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
"სანამ ტენდენციურობაში დაადანაშაულებს იქნებ ჯერ მოუსმნოს სამოქალაქო სექტორს"-მესამე სექტორი პრემიერს პასუხობს

„ეს არის გამიზნული იმისკენ, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოხდეს“-ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომელმაც მესამე სექტორი პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური ინტერესდება რა ნაწილში ხედავენ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მიკერძოებულობას.

„ეს არის გამიზნული იმისკენ, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოხდეს. მე უბრალოდ ვკითხავდი მას, რომ რომელ კონკრეტულ ფაქტზე საუბრობს ის, რა იყო არასწორი ან არაკომპეტენტური ან მიკერძოებული იმაში რასაც ჩვენ ვამბობდით. მთელი წინასაარჩევნო პერიოდში მთავარი გზავნილი რაც ჩვენ გვქონდა იყო ის, რომ მთავრობას გამოეძიებინა ის სავარაუდო კორუფციის ფაქტები რომლის მომსწრეებიც და რომლის შესახებაც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

სანამ მესამე სექტორს გააკრიტიკებს, სულხან სალაძე პრემიერს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისკენ მოუწოდებს. საიას თავმჯდომარე აცხადებს, რომ მამუკა ბახტაძე არც კი დაინტერესებულა მესამე სექტორის შეხედულებებით ისე დაადანაშაულა ისინი ტენდენციურობაში.

„სანამ შეფასებებს გააკეთებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რომ ისინი ტენდენციურები არიან იქნებ გვაცალონ და მოგვცენ საშუალება, რომ ჩვენი საქმე შევასრულოთ, რასაც წლების განმავლობაში ვასრულებთ არჩევნების  დროს. კარგად გაიხსენოს რამდენი თვეა პრემიერი და ერთხელ არ შეხვედრია სამოქალაქო სექტორს და არ მოუსმენია ის წუხილები და ის ტენდენციები რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომაც მგონია, რომ სანამ ვინმე რაიმე განცხადებას გააკეთებს უმჯობესია კარგად გაეცნოს რას ვაკეთებთ და ამის შემდეგ ისაუბრონ პრობლემებზე, რომელიც თურმე ყველაფერი ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორს უკავშირდება“-განაცხადა სულხან სალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები