17 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
სამოქალაქო სექტორისგან გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები - პრემიერი ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს ეთანხმება

საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს და ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარემ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს სთხოვეს, შეეფასებინა ბიძინა ივანიშვილის ის კრიტიკული განცხადებები, რომელიც ყოფილმა პრემიერმა სამოქალაქო სექტორის მისამართით გააკეთა.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორი აქცენტები დასვა. პრემიერი პარტიის თავმჯდომარეს ეთანხმება, რომ სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

ბახტაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული მესამე სექტორის როლი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, თუმცა მისი თქმით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო სექტორი ობიექტური რეკომენდაციების გაცემით არ გამოირჩევა და ის პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც ქვეყნის განვითარებისთვის კარგი არ არის.

„თქვენ იცით, თუ როგორ აქტიურად თანამშრომლობს ჩვენი პოლიტიკური გუნდი სამოქალაქო საზოგადოებასთან.  აქაც მინდა კონკრეტული არგუმენტი მოგიყვანოთ. ჩვენ გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც გვაქვს ახალი ტალღა რეფორმების და თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რომ მივიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები ამა თუ იმ რეფორმაზე, როგორ უნდა დავნერგოთ ის იმდაგვარად, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს საზოგადოების ინტერესებს? მაგრამ ამის საპასუხოდ რას ვხედავთ?- ამის საპასუხოდ ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები.

"მაგრამ, რა თქმა უნდა, ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროცესი ამავე დროს არის ვფიქრობ, გარკვეული წინაპირობაც, იმისთვის რომ ჩვენ ინსტიტუტების მშენებლობაში ვიყოთ წარმატებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა ასეთი კომუნიკაცია გადადის ხშირ შემთხვევაში ანგაჟირებულ განცხადებებში, ამის მოსმენა ნამდვილად არ არის კარგი და არ არის კარგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები