რუსთავში სტამბოლის ბაზარში გაჩენილმა ხანძარმა ყველა გასაყიდი ნივთი გაანადგურა. თითოეული მოვაჭრის ზარალი ათი ათასობით ლარია. ძლიერი ცეცხლი რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ, ღამის 2 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა დასჭირდა. დაზარალებულებს ეჭვი აქვთ, რომ ბაზარს ცეცხლი განგებ წაუკიდეს.
მოვაჭრეებისგან განსხვავებით, ბაზრის მფლობელი დარწმუნებულია, რომ ცეცხლი ტერიტორიაზე შემთხვევით გაჩნდა. გოჩა სირაძეც და ქვემო ქართლის გუბერნატორიც გამოძიების დასრულებას ელოდებიან და ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე არ საუბრობენ.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე უკვე აღძრა სხვისი ნივთის განადგურების ან დაზიანების მუხლით. თუმცა დასრულდება თუ არა გამოძიება ამაზე პასუხი არავის აქვს. რატომ ან ვინ დაწვა ბავშვთა სამყარო - წელიწადი და 8 თვეა დაზარალებულები პასუხს ელოდებიან.
დაზარალებული მოვაჭრეები დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვთა სამყარო ვიღაცის ინტერესების გამო განგებ დაწვეს და დამნაშავეს ხელისუფლება ხელს აფარებს.
გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს დადგენილი რა მიზეზით გაჩნდა ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „თერგში“, რატომ დაიწვა ლილოს და ელიავას ბაზრობების ნაწილი.