19 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
კონსტიტუციისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ

კონსტიტუციისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული სპორტული მოედნის ნგრევას და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მერიის მიერ დაგეგმილი მშენებლობა ამ ტერიტორიაზე არსებულ ერთადერთ სპორტულ მოედანს და სარეკრეაციო ზონას გაანადგურებს.

„ეს ტერიტორია, როგორც მოქმედი გენგეგმით, ისე საპროექტო გენგეგმით, რომელიც ახალი წლიდან შევა ძალაში, არის რეკრეაციული სივრცე და კანონმდებლობა ითხოვს, რომ აქ იყოს მხოლოდ სპორტული მოედნები და რეკრეაცია. ამიტომ დაუშვებელია, გაიცეს ის ნებართვა, რომელზეც არის შეტანილი განაცხადი მერიაში, ითხოვენ აქ კორპუსების მშენებლობას. ჩვენ არ დავუშვებთ ამას. კატეგორიულად მოვითხოვთ მერიისგან, მოვითხოვთ საკრებულოსგან, არ მოახდინონ ზონის ცვლილება,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ირაკლი მურღულიამ.

ადგილობრივებს დღეს თბილისის ვიცე-მერი გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა არ იგეგმება და მოსახლეობის პროტესტი პროვოცირებულია.

„ეს არეალი არის დაბალი განაშენიანების მქონე დასახლება, შესაბამისად, იქ დაუშვებელია მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა და ამას თბილისის მერია ნამდვილად არ დაუშვებს. თუ ვინმე ამბობს, რომ გაცემულია ან მერია აპირებს გასცეს მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა, ეს არის დიდი ტყუილი და მგონია, რომ ეს არის ამ კონკრეტულ ცხელ პერიოდში მოსახლეობს პროტესტის პროვოცირების ერთ-ერთი მცდელობა, ეს არის ტყუილი,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღის ამბები