19 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
მამები სიმართლისთვის - რუსთაველზე შვილმოკლული მამების მხარდამჭერი აქცია იმართება

მამები სიმართლისთვის - რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების მხარდამჭერი აქცია იმართება. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილმკვდარ მშობლებს მოუწოდებენ, აქციას შეურთდნენ და ხელისუფლებას მკვლელობების გამოძიება ერთად მოსთხოვონ.

უკვე, თითქმის, ორი თვეა, შვილმოკლული მამები პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ, თუმცა, პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას ისევ არ აძლევს.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ პროტესტს არ იმჩნევს. შვილმოკლული მამები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. 

„არ გვაშინებს ჩვენ არც ის ზეწოლა, რასაც ახორციელებენ. წუხელ მოხდა ასეთი ფაქტი, რომ კარვებს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული ცელოფნის გადაფარებასაც კი გვიშლიან წვიმიან ამინდში. ჩვენი შვილები დახოცეს და იმის მაგივრად, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო და აღარ გაგრძელებულიყო ასეთი რაღაცები, პირიქით, თითქმის, ყოველ დღე ვგებულობთ, რომ ვიღაც ბავშვი მოკლეს, გაიტაცეს,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან და რუსთაველის გამზირზე დარჩებიან, ვიდრე ხელისუფლება მათი შვილების მკვლელებს არ დასჯის.

„ეს იყო შეხსენება, რომ მეც, ზაზაც და ჩვენ გვერდით მცხოვრები ხალხი ვართ ისევ ცოცხლები. იმ სიამოვნებას მათ ვერ მივანიჭებთ, რომ ჩვენ აქვ დავიხოცებით.,ჩვენ ვიცოცხლებთ მანამ, სანამ მაგ შეკითხვებს პასუხები არ გაეცემა,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამების მხარდამჭერ აქციას ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავაც შეუერთდა.

„ალბათ, ნორმალური ადამიანი იკითხავს, რატომ ჩადის პოლიცია ამას, რატომ ავალებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ქართული ოცნება, დღევანდელი მთავრობა პოლიციას ისეთ დავალებებს, რომელიც თვითონ პოლიციელებსაც შერცხვებათ, სახლში რომ მივლენ და საკუთარ ბავშვს შეხედავენ,“- აღნიშნა უგულავამ.

შვილმოკლულ მამებს სოლიდარობა და მხარდაჭერა ჟურნალისტმა, ლაშა ბერულავამაც გამოუცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და ზეგ უფრო მეტი ადამიანი მოვა. ეს სიმცირე, რომელიც, ჩემი აზრით, ხელისუფლებას ამშვიდებს არაფერს არ ნიშნავს და ეს არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა დაგვანახა. ხალხშოი უკმაყოფილება იზრდება, მატულობს და ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების ბრალია,“- განაცხადა ლაშა ბერულავამ.

დღის ამბები