საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილს საგანგებო განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ილია მეორეს არ ეკუთვნის.
საპატრიარქოს განმარტებით, გარკვეული ძალები ცდილობენ, ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ.
„სოციალურ ქსელში ვრცელდება წერილი სათაურით „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა ქართული ოცნებისადმი, სადაც ჩამოთვლილია ხელისუფლებისადმი გარკვეული მოთხოვნები და ამასთან ნათქვამია, რომ, თურმე, არსებობს ვინმე "დაფარული მეუფე" – მოძრაობა "ძლევაი საკვირველი" დამფუძნებელი, რომელმაც საჯაროდ უნდა განაცხადოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია.
"საპატრიარქო განვმარტავთ, რომ მის უწმინდესობას არანაირი "დაფარული მეუფე“ არ ჰყავს, არც მოძრაობა "ძლევაი საკვირველი" არის ეკლესიასთან დაკავშირებული და არც აღნიშნული წერილი ეკუთვნის კათოლიკოს-პატრიარქს. მისი შემდგენლები არიან ტყუილის გამავრცელებელნი და სიცრუის მსახურნი.
"საერთოდ, გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ, პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ იგი. ხშირია შემთხვევები, როცა ამ მიზნის მისაღწევად მანიპულირებენ ამა თუ იმ სასულიერო პირის განცხადებითაც.
"ვინაიდან ეკლესია ერის გამაერთიანებელი ძალაა, ეს სამწუხარო მოვლენები წარმოადგენს ქვეყნის გახლეჩვის მცდელობას. ამიტომაც ყველა მღვდელმთავარს და მოძღვარს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისაგან,“ - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.