19 აპრილი 2024,   05:33
ვრცლად
სასამართლო ლაშა გოგიას და გია გულორდავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ამ წუთებში მსჯელობს.

ორივე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.

ადვოკატების ინფორმაციით, არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

პროკურორი ბექა ეჟიშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარე სასამართლოს ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

„ჩვენ მიერ იქნა ორიგინალი მოპოვებული, რომელზეც იქნა დანიშნული ექსპერტიზა. ოქტომბრის ბოლოს, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე იქნა მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა ავთენტურობა. ასევე დადასტურდა საშუალება, რომლითაც იქნა ჩაწერილი აღნიშნული ექსპერტიზა, ამავდროულად გამოკითხულ იქნა ათეულობით მოწმე და ამ მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის შემდეგომ დაუყოვნებლივ ჩვენ მიერ მიემართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ დაკავებული ყოფილიყვნენ როგორც ლაშა გოგია, ასევე გია გულორდავა,“ - განაცხადა ბექა ეჟიშვილმა.

ლაშა გოგიას ადვოკატის, მერაბ მამულაძის, თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული, რადგან არ არსებობს ამის მტკიცებულებები.

გია გულორდავას ადვოკატი, ზაქარია გვიშიანი, აცხადებს, რომ საქმის მასალებში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება.

„ბრალდების მხარე აცდენილია სამართლებრივ მსჯელობას. იმისთვის, რომ წარედგინა ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის მტკიცებულებები, ჩვენ გვექნება პოზიცია დღევანდელ დღეს, რომ არ იქნეს გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება. არ მოეპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ამხელს ამ ეტაპზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარდგენილ ბრალდებაში,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები