19 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრი, რომელიც კანონიერ ქურდებთან მეგობრობს, შსს-ს ტენდერში მონაწილეობს

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის, სიმამრი - ავთანდილ ტაბუცაძე, ე.წ კანონიერი ქურდების მეგობარია. გავრცელებული ინფორმაციით, ის მათ გავლენებს არაერთი საქმის დასალაგებლად იყენებს.

კურიერის ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის შვილიშვილის ნათლიაა.

ოპოზიცია საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაარკვია, რომ ავთანდილ ტაბუცაძეს ქართულმა ოცნებამ რაჭაში  სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მობილიზება დაავალა. ოპოზიცია ამბობს, რომ ტაბუცაძესთან ამ პროცესში ჩართული იყო კანონიერი ქურდი გია ხმელიძე, იგივე "ხმელო".

ოპოზიციის მტკიცებით, ქართული ოცნების მხარდაჭერის სანაცვლოდ, საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრი დიდი ფულს იღებს. თანხებს მას სპეციალურად შემუშავების სქემით სახელმწიფო ბიუჯეტიდან აძლევენ.

2018 წლის 22 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის უნიფორმების შეძენაზე ტენდერი გამოცხადა. ინდუსტრიულმა ჯგუფმა ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი აჩვენა. კომპანია საპატრულო პოლიციის უფროსის, თემურ კუპატაძის, სიმამრს, ავთანდილ ტაბუცაძეს, ეკუთვნის, თუმცა სიმამრის ფირმა გამარჯვებულად იმის გამო ვერ გამოცხადდა, რომ დოკუმენტაცია არასრულად წარადგინა. ამის შემდეგ ტენდერში ჯეოტექსტილს გაამარჯვებინეს, რომელიც გახარიას უწყებას მომსახურებას 47 ათასი ლარით ძვირად სთავაზობდა.

დოკუმენტით დასტურდება, რომ გამარჯვებულმა ჯეოტექსტილმა ხელშეკრულება საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრის კომპანიასთან გააფორმა და მთელი ფული მას გადაუხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ფორმები საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრმა შეუკერა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მაღალჩინოსნის სიმამრი და მისი კონტაქტები კანონიერი ქურდებთან ქართულ ოცნებას ე.წ შავი საქმეების შესასრულებლად სჭირდებოდა. ამისთვის კი აუცილებელი იყო დიდი ფული. ამ მიზნით ავთანდილ ტაბუცაძე შპს ინდუსტრიული ჯგუფის წილში ჩასვეს.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრი რუსთავი2-ის ზარმა გააღიზიანა. მან ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასთან არაფერი აკავშირებს. ერთადერთი, რაც ტაბუცაძემ სატელეფონო საუბრის დროს ვერ უარყო, საპატრულო პოლიციის უფროსთან მისი ახლო ნათესაური კავშირია.

თემურ კუპატაძე საპატრულო პოლიციის უფროსად 2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა. მას შემდეგ, რაც კუპატაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი გახდა, ინდუსტრიული ჯგუფის მეწილეებს შორის მისი სიმამრი გამოჩნდა.

 

დღის ამბები