ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წაუყენეს - სანდო წყარო "კურიერს" უყვება, რომ პოლიტიკურ კრიზისში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" ყოფილ მთავარ პროკურორთან კონსულტაციები გამართა და ის მცირეხნიან პატიმრობაზე დაითანხმა. ბოლო პერიოდში არაერთი სკანდალის შემდეგ "ოცნების" ლიდერების ნაწილი კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ საშუალებად სწორედ ფარცხალაძის მოკლევადიან პატიმრობას ასახელებდნენ.
ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი სავარაუდოდ "ელ-ცენტროში" ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე წაუყენეს. რა მუხლით არის აღძრული საქმე, უცნობია.
"კურიერის" ინფორმაციით, განცხადებას ამის შესახებ პროკურატურა დღეს გაავრცელებს. თუმცა ჯერ კიდევ გუშინ, როდესაც ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, შსს-ში ბრალის შესახებ არაფერს ამბობდნენ და განმარტავდნენ, რომ მისი გამოკითხვა მხოლოდ საგამოძიებო პროცესის ნაწილი იყო. დღესვე განცხადების გაკეთებას გეგმავენ ლაშა თორდიას ადვოკატები.
„ეჭვი მაქვს, რომ იქნება მსუბუქი მუხლი, იმისათვის, რომ ოთარ ფარცხალაძეს სასჯელი ჰქონდეს მსუბუქი. იგი მე თავს დამესხა ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო. კონკრეტული დასკვნის გამო, რომელიც იწერებოდა მასზე. ჩვენ ვამოწმებდით ქალაქ თბილისის მერიას, სადაც მისი კორუფციული გარიგებები გამოვლინდა.შესაბამისად ეს მუხლი არის მძიმე, რომელიც ითვალისწინებს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუმცა ახლა ვნახოთ, როგორ განმარტავს საგამოძიებო ორგანო,“-განაცხადა ლაშა თორდიამ.