გასული კვირის შემდეგ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი საჯარო სივრციდან გაქრა. მმართველი გუნდი საარჩევნო კამპანიას სალომე ზურაბიშვილის გარეშე აგრძელებს. "ქართულ ოცნებაში" ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ კანდიდატი არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნის მოლოდინშია.
„ჩვენ ველოდებით ოფიციალურად მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას, რის შემდეგაც ქალბატონი სალომე ძალიან აქტიურ, ძალიან ეფექტურ კამპანიას დაიწყებს. პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვდრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ჩვენ ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე,“ - განმარტავს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში.
განმარტებას პარტიის გენერალური მდივანიც აკეთებს. მისი თქმით, ჯერ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის გეგმის გაწერა მიმდინარეობს.
„ჯერ მიდის გეგმის გაწერა, თუ როგორ დაიწყება, როგორი იქნება მეორე ტური, როგორი იქნება ყოველდღიური რეჟიმი პრეზიდენტობის კანდიდატის, როგორი იქნება პარტიის პოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში და უახლოეს დღეებში უკვე გადაწყვეტილების შედეგად დაიწყება კამპანიის მეორე ფაზა,“ - ამბობს კალაძე.