„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მმართველ პარტიას სწორი მმართველობის შესახებ რეკომენდაციებს უგზავნის. ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა, სადაც საუბარია სასამართლოს გაძლიერებაზე, კორუფციის დაძლევასა და მედია თავისუფლებაზე.
ანგარიშის კონკრეტული ნაწილი „რუსთავი 2“- ის საქმეს ეხება, რომლის შესახებაც სამოქალაქო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მედიაზე თავდასხმები უნდა შეწყდეს.
ქვეყნის მთავარი ფუნდამენტური საკითხების შესწავლის შედეგად კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დაადგინა, რომ მმართველობაში ხარვეზები ბევრია და აუცილებელია მთავრობამ მის გამოსწორებაზე იზრუნოს.
„მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს ქვეყანაში, მოიცავს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას, სასამართლოს გაძლიერებას და კორუფციის დაძლევას სასამართლოში, საჯარო სამსახურის დეპოლიტიზებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეწყდეს ხელისუფლების თავდასხმები მედიაზე.
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მედიაზე ზეწოლისგან, ცხადია, რომ „რუსთავი2“-ის შემთხვევა აქ არის სრულიად გამორჩეული,“-განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა ერეკლე ურუშაძემ.