სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოსგან იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენა-გადაფორმების უფლება შეეზღუდათ.
ეს ნორმა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მოქმედებს, თუმცა ომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, რომ შეზღუდვა უნდა მოიხსნას, რადგან ეს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაგზავნილია.
„ეს არის დროებითი წესი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, რათა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე იმუშაოს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სანამ ახალი ვერსია ამოქმედდება, მოქმედი ვერსია არ ტოვებს ამგვარი საკანონმდებლო ნორმის არსებობის შესაძლებლობას. ბუნებრივია არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს და მათ უნდა ეძლეოდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ქონებით.
თანაც აქ საუბარია ისეთ პირებზე, რომლებიც საქართველოსთან ისტორიულად არიან დაკავშირებული,“-აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.