თბილისის საკრებულოს ხმაურიანი სხდომის შემდეგ ოპოზიციის წევრები იმ შეცდომებზე საუბრობენ, რის გამოც, მათი თქმით, დედაქალაქის მოსახლეობა ქართულ ოცნებას მხარს არ უჭერს. ენმ-ში ამბობენ, რომ გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ახლა არის ისტერიკაში და ამიტომაც საუბრობს მუდმივად დესტაბილიზაციაზე. ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ ოცნება ბაგა-ბაღის დირექტორებს მხოლოდ იმ მიზეზით ათავისუფლებს, რომ მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ვერ მოაგროვეს საარჩევნო ხმები.
„ეს ადამიანები არიან ისტერიკაში. მუდმივად საუბრობენ დესტაბილიზაციაზე, რევოლუციაზე და გამოსვლებზე და ა.შ. და სხვაგან ეძებენ პრობლემებს. არადა, პრობლემა რეალობაში დედაქალაქის მერიას და საკრებულოს აქვს შემდეგი. პირველი, როგორც კი მოვიდა მერი, თქვა, რომ 1.18 ლარად კი არა, სოციალურად დაუცველები 1.16 ლარად უნდა გამოვკვებოო; ბიუროკრატია კი არ უნდა შევამცირო, უნდა გავზარდოო; ტაქსებს ხარკი უნდა გადავახდევინოო, რაზეც მიიღეს ადეკვატური პასუხი და ახლა ეს ყველაფერი ვიღაცას ხომ უნდა დააბრალონ და აბრალებენ ბაღის დირექტორებს. დაიწყეს სადამსჯელო ღონისძიებები ბაღში და ათავისუფლებენ ბაღის დირექტორებს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიცია თვლის, რომ საკრებულოს უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რეალურად რა ხდება მათ გარშემო და არ უნდათ, აღიარონ ისიც, რომ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი არის რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი.
საკრებულოს უმრავლესობაში კი უარყოფენ, რომ ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესები პოლიტიკას უკავშირდება.