528 - 97-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დასრულდა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციისთვის კენჭისყრა. პირველად მომზადდა ანგარიში, თუ როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას. დოკუმენტის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ლატვიიდან ანდრეი მამიკინსია.
ანგარიშში შესწორებები შევიდა, მათ შორის ბოლო პერიოდში დარეგისტრირებული ცვლილებებიც, სადაც საუბარია საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ელიტარულ კორუფციასთან. უნდა იქნეს გამოძიებული 2016 წლს საპარლამენტო არჩევნების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტები.
დოკუმენტში საუბარია მედიაგარემოზე, მათ შორის აღნიშნულია „რუსთავი 2-ის“ საქმე. ანგარიშში ასევე მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებისა და ვანო მერაბიშვილის საქმეები.
ევროპარლამენტარები მთლიანობაში რეზოლუციას დაბალანსებულად აფასებენ.
„საქართველომ უნდა გააგრძელოს პოლიტიკური დიალოგი, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. გრძელდება რეფორმების პროცესიც, რაც ძალიან კარგია. რა თქმა უნდა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და როგორც ჩემმა კოლეგამ კლერმა მუდმა თქვა, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველო ნამდვილი ვარსკვლავია,“- განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.
ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რადგან მათი შეფასებით, ის იქნება ლაკმუსის ქაღალდი.
„საქართველომ უნდა მოუსმინოს რა წერია რეზოლუციაში და შეასრულოს ჩვენი მოთხოვნებიც. არჩევნების მეორე ტური იქნება ლაკმუსის ქაღალდი. თუ დადასტურდება რომ არჩევნები სამართლიანი იყო, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი პლუსი იქნება საერთო პერსპექტივის კუთხით. რამდენადაც ვიცი, პირველი ტური სტაბილური და სამართლიანი იყო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს მეორე ტურის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებაც. ასევე მნიშვნელოვანია კორუფციასთან ბრძოლაც, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ დანაშაულის გაზრდას შევუწყობთ ხელს და განადგურდება დემოკრატიის პროცესი. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია რუსეთის მიმართ. რუსეთი არის საქართველოში და არამხოლოდ. ის ყველგან ცდილობს დემოკრატიის პროცესს და სუვერენიტეტს ძირი გამოუთხაროს,“- განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა შვედეთიდან, გუნარ ჰოკმარკმა.
რეზოლუციას სტრასბურგში ჩასული საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პოზიტიურად აფასებენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველო რეფორმებს განაგრძობს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ორგანოს როლი და საპარლამენტო კონტროლი გაძლიერდეს.