"არა ბანკების მონოპოლიურ ქმედებას" - გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით, დღეს თბილისში ერთდროულად რამდენიმე აქცია გაიმართა. TBC-ის, "საქართველოს ბანკისა" და "ლიბერთი ბანკის" ფილიალებთან საკუთარი პოზიცია მოქალაქეებმა დააფიქსირეს. მათი თქმით, ბანკების მონოპოლია და გამდიდრება ხალხის ხარჯზე უნდა დასრულდეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში, ერთადერთ ადამიანი ვინც მდიდრდება, ეს ბიძინა ივანიშვილი და ბანკების მფლობელები არიან.
„ამ ღატაკ ქვეყანაში, ერთადერთი, ვინც მდიდრდება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ბანკის მესვეურები, ვისთან კარტერული გარიგებითაც, ივანიშვილმა შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ხალხს ომი გამოუცხადა,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბესო გაზდელიანი.
აქციის მონაწილეები ბანკის პროცენტის დაკლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ უნდა შეწყდეს საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის გამოსახლება.
„მაშინ, როდესაც ქვეყანა სიღატაკის ზღვარზეა, სამი კონკრეტული ბანკის მმართველი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ცდილობს, რომ ბოლომდე ჩავიდეს ხალხის ჯიბეებში და ბოლო თეთრიც კი ამოიღოს ამ გაჭირვებული ხალხის,“ - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თენგიზ გიორგაძემ.
აქციაზე იმყოფებოდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კოტე იოსელიანი. მისი თქმით, მოსახლეობასთან ერთად, აპროტესტებენ ვითარებას, რომლის მიხედვით, მოქალაქეები იძულებულები არიან ბანკებს შემოსავლის დიდი ნაწილი გადაუხადონ.
„ჩვენ ვაპროტესტებთ იმ მოცემულობას, რაც შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა საბანკო კარტელმა. ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე მათ მძევლად ჰყავთ აყვანილი და აიძულებენ მათი ყოველთვიური შემოსავლის უდიდესი ნაწილი გადაუხადონ სწორედ ბანკებს და ივანიშვილის მიერ კონტროლირებად ამ ფინანსურ ინსტიტუტებს,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით ლაგვილავა ამბობს, რომ მოსახლეობა ყოველდღიურ რეჟიმში ღარიბდება და ვითარება არჩევნების შემდეგ უნდა შეიცვალოს.
„ფაქტი ის არის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ყოველდღე ღარიბდება მოსახლეობა და ეს ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს 28 ნოემბერს,“ - განაცხადა დავით ლაგვილავამ.