პირობა, რომელიც ივანიშვილმა დადო, თუმცა, არ შეასრულა - ძვირადღირებულ დაპირებებს შორის, რომელიც ოლიგარქმა 2012 წელს გასცა და რომელიც 1181862-მა ადამიანმა დაიჯერა, იაფი ფული და სამჯერ გაიაფებული კომუნალური გადასახადებიც იყო. თუმცა, არჩევნების დასრულებიდან მალევე ივანიშვილის მოსახლეობასთან ურთიერთობის ტონიც და დაპირებების სიაც რადიკალურად შეიცვალა. მან თქვა, რომ დაპირება ტარიფის გაიაფების შესახებ გადაჭარბებული იყო.
მისი ერთ-ერთი დაპირება 2012 წლის არჩევნებისთვის პროდუქტზე დაბალი ფასებიც იყო. მათ შორის, უნდა გაიაფებულიყო საწვავი, რომელიც, მისი მტკიცებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელოვნურად გაზარდა. თუმცა, არჩევნების დასრულების შემდეგ ივანიშვილმა ბენზინიდან სააკაშვილის ჯიბეში წასულ ერთ ლარს ვერ მიაგნო. სამაგიეროდ გაძვირდა გადასახადები, კიდევ უფრო მოიმატა საწვავის ფასმა.
გადასახადებთან ერთად, 2012 წელს დადებული პირობის თანახმად, უნდა შემცირებულიყო საპროცენტო განაკვეთები. იპოთეკური სესხი კი ევროპულ მინიმალურ მაჩვენებელს უნდა გასტოლებოდა.
არ შესრულდა მედიკამენტების გაიაფების დაპირებაც ისევე, როგორც ექიმებისთვის ხელფასების მომატება. არც სოციალური დახმარების და პენსიის რაოდენობა გაორმაგებულა.
ივანიშვილმა დაივიწყა მისი მთავარი დაპირებაც, ასობით საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით.
მოტყუებული მოსახლეობა 6 წლის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილის ახალი პოლიტიკური ტრიუკის მთავარი ადრესატია. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლიდერი პოლიტიკური ბრძოლის იგივე ტაქტიკას ირჩევს.