27 ივლისი 2024,   03:52
ვრცლად
„არ გავა არც დღე როცა შტაბში არ შემოდის ფაქტი გაყალბებასთან დაკავშირებით" - ოპოზიცია "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშს ეხმაურება

მუქარა, ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა - ფაქტები, რომელიც "სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში მოხვდა ოპოზიციისთვის ცნობილია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა მელია აცხადებს, რომ მსგავსი შეტყობინებები გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში პერმანენტულად შედის. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მსგავსად, კრიტიკული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც.

„არ გავა არც ერთი დღე როცა ჩვენს შტაბში, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში არ შემოდის შემაშფოთებელი, დადასტურებელი ფაქტი გაყალბებასთან დაკავშირებით. ასევე მსგავსი ინფორმაცია იყრის თავს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე სამოქალაქო სექტორთან. და ბუნებრივია ეს ყველაფერი, როდესაც დაჯამდება მე ძალიან გამიკვირდება რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სხვა კვალიფიციურმა დამკვირვებლებმა დადონ  ის დასკვნა რომელიც გაუხარდებოდა ბიძინა ივანიშვილს,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

„ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება საკუთარ სახეს ვეღარ მალავს, რადგან იციან რომ მეორე ტურსაც აგებენ. ზურა ჭიაბერაშვილის განცხადებით, თუ არჩევნები თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში ჩატარდება მაშინ სახელისუფლებო კანდიდატი დამარცხდება.

„რაც უფრო გაუჭირდა  ბიძინა ივანიშვილის ამ მეორე ტურის წინ, მით უფრო დაგვანახა თავისი ნამდვილი სახე. ერთის მხრივ ეს არის ხმებისთვის  მახვეწარი  ადამიანი, რომელიც მზად არის მცირედი მაგრამ თუნდაც ფული არ დაინანოს იმისთვის, რომ ხმები იყიდოს და ადამიანები მოისყიდოს. მაგრამ მეორეს მხრივ ჩართონ ძალოვანი სტრუქტურები და სუს-ი სრულად. ნამდვილად არ ვურჩევდი ბიძინა ივანიშვილს ასეთ ნაბიჯების გადადგმას. ჯერ კიდევ არის დრო რომ ქართველ ხალხს მისცეს საშუალება მან,  აბსოლუტურად მშვიდ და თავისუფალ ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები. და თუ ასეთ ვითარებაში  ჩატარდება მაშინ ქართული ოცნების დამარცხება გარდაუვალია,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

„სამართლიანი არჩვენების“ შუალედური ანგარიში არჩევნების მეორე ტურამდე წინასაარჩევნო პერიოდს მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ფართოდ გავრცელებულ ზეწოლაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მასშტაბებზე მიუთითებს. გამოვლენილ დარღვევებზე დაყრდნობით „სამართლიანი არჩევნები" არც იმას გამორიცხავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„სამართლიანი არჩევნების ანგარიშში მუქარის და ზეწოლის ფაქტები მრავლად მოხვდა. 40 გამოვლენილი ფაქტიდან, მხოლოდ ერთია სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებული მუქარა, დანარჩენი შემთხვევები ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლას ეხება. 



ამავე თემაზე
დღის ამბები