„ზაზა ოქუაშვილი არის ამოუცნობი ფენომენი“-ასე აფასებს თბილისის მერი ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის მიერ გადაცემა კვირის აქცენტებში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას. საუბარია წინასწარ დაწერილ ინტერვიუზე, რომელიც მას ტელეიმედისთვის უნდა მიეცა და რომლის მიზანიც მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას დაკავების საფუძველი იყო. ზაზა ოქუაშვილს უნდა ეთქვა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ კომპრომატების გავრცელება სწორედ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაავალეს.
კახა კალაძე აცხადებს, რომ ვერავინ გაიგო ზუსტად რაზე საუბრობს ზაზა ოქუაშვილი.
„ზაზა ოქუაშვილი არის ამოუცნობი ფენომენი. ჯერ იყო და აუდიო ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, ახლა ალბათ ანიმაციებზეც გადავა სამომავლოდ. უბრალოდ გაუგებარია მთელი ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ამ კაცს ვერავინ ვერ გაიგო. რაში იხდიდა ფულს, 6 მილიონი ჰქონდა დავალიანება როგორც ირკვევა და 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა დღემდე ვერავინ ვერ გაიგო. სამწუხაროდ, ვერც გვარამიამ გაიგო და ვერც კვესიტაძემ ერთ-ერთ გადაცემაში როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ. მაქსიმალურად ცდილობდნენ დახმარებოდნენ, აეხსნათ საზოგადოებისთვის მაგრამ თვითონაც ვერაფერი ვერ გაიგეს და გაუგებარია ყველასთვის ზოგადად რა უნდა ამ ადამიანს,“-განაცხადა კახა კალაძემ.
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე რასთან დაკავშირებით მისცა „ქართუ ბანკმა“ ომეგა ჯგუფს თანხა, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს 2004 წელს მოხდა.
„მოსახლეობამ, რომ იცოდეს ეს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტია, რომელიც მისვამს შეკითხვებს და არ მოგცემთ შესაძლებლობას საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი იყო ხელისუფლებაში, წაართვა ტელეკომპანია იბერია და მაშინ იყო როდესაც "ქართუმ" მისცა სესხი, ზუსტი თანხა არ მახსოვს და ეს გადამოწმებადია და შესაძლებელია მივიღოთ სწორი ინფორმაცია თ როდის იყო გაცემული სესხი,“-განაცხადა კახა კალაძემ.
დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობა "რუსთავი 2"-ს "ქართული ოცნების" პრესსამსახურმა არ მისცა. თავად კახი კალაძემ კი ბრიფინგრუმი დატოვა.