ლიხაურის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ საქართველოს ერთ და უკრაინის 7 მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ადვოკატების ინფორმაციით, ისინი ბრალს არ აღიარებენ და პროტესტის ნიშნად, ბრალის წარდგენის დოკუმენტზე სლავა უკრაინა დააწერეს.
უფლებადამცველების განცხადებით, ბრალდებულები საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ და დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ადვოკატები კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. პოლიციის სამმართველოსთან, სადაც ბრალდებულებს კითხავდნენ, უკრაინის რადას დეპუტატი სიმიონ სემეჩენკოც იმყოფებოდა. მან ფაქტი პროვოკაციად შეაფასა. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 8 დაკავებულს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავებიან.
“მე საქართველოში ოფიციალურად, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვედი. ბიჭები აქ ჩამოვიდნენ დასასვენებლად და მეგობრებთან შესახვედრად. არც ერთ მათგანს არ ჩაუდენია დანაშაული. მათ ყოველდღე ვხვდებოდი და შემიძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაცნობო თუ სად და ვის ხვდებოდნენ ისინი, რომელი მეგობრების ოჯახები მოინახულეს. მაგრამ რატომღაც გამოძიებას ეს არ აინტერესებს,”-განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა სიმიონ სემერჩენკომ.