საჯარო ბაგა-ბაღების 61 ათასი აღსაზრდელი შესაძლოა ახალი წლიდან კვების გარეშე დარჩეს. დედაქალაქის მერიამ კვებით უზრუნველყოფაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მსურველი არ ჩანს.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მითითებულია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ 1 აღსაზრდელზე დღეში კვლავ 3.24 ლარი უნდა დახარჯოს. სწორედ ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მიღება არ სურთ.
იგივე თანხა იყო გამოყოფილი შარშან. მაშინ ერთადერთი კომპანია შპს „ნილი“ აღმოჩნდა, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო.
თუმცა წელს შპს"ნილი", რომელიც არაერთხელ გაეხვა სკანდალში, ტენდერში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. სახელმწიფო შესყიდვის დასრულების ვადა კი 22 დეკემბერია.
„არც მაქვს გადაწყვეტილი... ისიც ცრუ ინფორმაციაა, რომ ჩემი კომპანია არის გაკოტრებული არასწორი ინფორმაცია გაქვთ.
საჯარო არ არის ინფორმაცია მე ტენდერში ვიღებთ თუ არა მონაწილეობას, ამიტომ მე კომენტარისგან თავს შევიკავებ,“-ამბობს „ნილის“ დირექტორი კახა გიორგაძე.
მისი თქმით, ისიც დამაფიქრებელია თითო ბავშვზე განსაზღვრული თანხაც. სწორედ ამიტომ, კახა გიორგაძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერის დასრულებამდე მიიღებენ.