იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების თარიღი უნდა დასახელდეს.
საბჭოს არამოსამართლე წევრები სისტემაში არსებულ კიდევ ერთ ხარვეზზე ამახვილებენ ყურადღებას.
მათი შეფასებით, სისტემის მიკერძოებულობის გამო იურისტები, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე მოსამართლისთვის საჭირო სერიოზულ განათლებას იღებენ საბოლოოდ, მიზანს ვერ აღწევენ და მოსამართლეები ვერ ხდებიან.
მათივე შეფასებით, შედეგად ქვეყანა მხოლოდ სახელმწიფო რესურსების ფლანგვასა და ხარვეზიან სასამართლო სისტემას იღებს.
„გვაქვს პრაქტიკა, რომ ადამიანები აბარებენ გამოცდას, შემდგომ ისინი სწავლობენ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, თუმცა გვაქვს უამრავი შემთხვევა,როდესაც მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანი შეიძლება საერთოდ ვერ გახდეს მოსამართლე, მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს და სახელმწიფო მასზე ხარჯავდეს რესურსს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ მნიშვნელოვანია ისეთი რეფორმა რომელიც დაზოგავს სახელმწიფო რესურსებს“-ამბობს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.