სავარაუდოდ ნარკოტიკის მოხმარებას კიდევ ერთი ახალგაზრდის, დიმა გორგიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. საუბარია 18 წლის მამაკაცზე, რომელიც 8 დეკემბერს გამთენიისას გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის იმ ღამეს ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებული კი ცუდად გახდა და ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდა.
გარდაცვლილის მეზობლები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილთან ერთად ინტოქსიკაციის ნიშნები მის მეგობრებს აღენიშნებოდათ. ახალგაზრდები თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.
ადგილობრივების თქმით, საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ გარდაცვლილის მეგობრებმა აღნიშნეს, რომ ისინი კლუბ „ბასიანში“ იმყოფებოდნენ, თუმცა, უცნობია, რა ნივთიერება მიიღეს, რამაც ინტოქსიკაცია გამოიწვია.
სიკვდილის ზუსტ მიზეზს გამოძიება ადგენს. „კურიერის“ ინფორმაციით, ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნება გარდაცვლილის კიდევ ერთ მეგობარს. მათ ე.წ. კლუბური ნარკოტიკი მიიღეს, რის შემდეგაც ისინი შეუძლოდ გახდნენ და საავადმყოფოში მოათავსეს.
გარდაცვლილი მეგობრები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მათ შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებათ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კლუბ „ბასიანის“ ადმინისტრაცია კი უარყოფს, რომ დიმა გორგიძე გარდაცვალებამდე მათთან იმყოფებოდა. კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილს აქვს სტატუსი მინუს 1, რაც იმას გულისხმობს, რომ მას ეკრძალებოდა კლუბში შესვლა.
თუმცა, „კურიერის“ ინფორმაციით, ამ სტატუსის ქონა არ ნიშნავს, რომ მას კლუბში შესვლა არ შეეძლო.
კლუბის ადმინისტრაცია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალგაზრდებმა ნარკოტიკი მათ დაწესებულებაში მიიღეს არ ადასტურებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რათა კლუბის დისკრედიტაცია მოხდეს.