პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი ოპოზიციას აკისრებს. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიამ შეგნებულად მოაწყო პროვოკაცია.
„პარადოქსულ პოლიტიკურ რეალობაში ვცხოვრობთ, ნიკა მელია მოძალადეს და კრიმინალს ეძახის ირაკლი კობახიძეს, ნაციონალური მოძრაობა ლაპარაკობს ძალადობაზე და ხელს იშვერს ქართული ოცნებისკენ. წელს თუ არ ვცდები ჩატარებული 45 სხდომიდან ნიკა მელია ესწრებოდა ორს და ორივეზე იყო სპეციალურად მისთვის პარტიიდან მინიჭებული უფლებით მოსული, რომ მოეწყო პროვოკაცია,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მწვავე გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში ირმა ინაშვილის განცხადება მოჰყვა, სადაც მან მელიას მოუწოდა დამშვიდებულიყო, ემკურნალა, წყალი დაელია ან ჰაერზე გასულიყო. მელიას რეპლიკების შემდეგ ინაშვილი თავისი ადგილიდან მელიასკენ გაემართა. ინაშვილი მელიას მაგიდასთან მივიდა და ფურცლები შეაყარა. დაპირისპირება დეპუტატებმა და მანდატურმა განმუხტეს. მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დარბაზს ტოვებდა, მას ზურგიდან "ქართული ოცნების" დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი მიეპარა და მუშტი ჩაარტყა.