ბიზნესმენების შემდეგ დაგროვებითი საპენსიო რეფორმას არასამთავრობო ორგანიზაციები გაეცნენ. სამოქალაქო სექტორის წევრებს სისტემა საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს.
მთავარი კითხვა, რომელიც ექსპერტებს აქვთ, რეფორმასთან დაკავშირებით ფონდში დაგროვებული თანხის სწორად წარმართვას და ინვესტირების დროს მის დაცულობას ეხება.
„დღეს პასუხის ვერ მივიღე. ანუ არ ვარ დარწმუნებული, რა მექანიზმი არსებობს, რომელიც გვიცავს იმისგან, 5-10 წლის შემდეგ მოსახლეობა იყოს დაცული, რომ სახელმწიფომ არამიზნობრივად არ გამოიყენოს სახელმწიფო ფონდში დაგროვებული თანხები,“- ამბობს ეკონომისტი გიორგი პაპავა.
TBSC კონსალტინგის მენეჯერი თენგიზ ლომიტაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ დეტალურად და დამაჯერებლად უნდა ახსნას, როგორ იქნება ეს თანხები იმაზე უკეთ დაბანდებული, ვიდრე ეს კერძო სექტორს შეეძლება.
საპენსიო ფონდის თავმჯდომარე ლევან სურგულაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ კომპანიებისთვის ზედმეტი სირთულეები თავიდან აეცილებინათ.
„მათ უბრალოდ უნდა მოგვაწოდონ ის რიცხვი, რაც მათ უკვე იციან, დანარჩენს ჩვენ დავთვლით და უნდა გადაიხადონ გადასახადი, გადასახადი არ არის ეს. ეს არის მათი თანამშრომლის საპენსიო ანგარიშზე, რაც კანონით არის გათვალისწინებული,“- ამბობს სურგულაძე.