შინაგან საქმეთა მინისტრი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ემუქრება. გიორგი გახარია გურჯაანში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება, სადაც ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. შს მინისტრის თქმით, პროვოკაციის მონაწილე ყველა პირი, ვის ბრალეულობასაც დაადგენს გამოძიება, პასუხს აგებს.
„რამდენიმე ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, თუმცა, როგორც ჩანს, მე არ ვამბობ ყველაზე, მაგრამ ზოგიერთებს განზრახული თავისი გეგმა ჰქონდა, რა გეგმასაც მიყვნენ, ახლა ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, მთავარია, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს და დასრულდეს წყნარად, მშვიდად.
„ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო თითოეულ პოლიციელს და დიდი მადლობა ვუთხრა მათ, რის თმენაც მათ დღეს მოუწიათ და მინდა დავპირდე მათ, ხვალიდან, თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება გაკეთებული, ყველას, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები მე, პირველ რიგში, ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს,“ - განაცხადა გახარიამ.
შს მინისტრი ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას, რომელმაც უწყებას მოუწოდა, რომ აქციის მონაწილეებისთვის გადაადგილების თავისუფლება არ შეეზღუდათ.
„სახალხო დამცველს ასევე მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ, პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურის უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა, ეს გავახსენო მას,“ - განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, ოპოზიციის მიზანი იყო ბლოკირება და ინაუგურაციის ჩაშლა.