სალომე ზურაბიშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის რანგში "რედისონ წინანდალში" გამართა. სასტუმროში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგაციების მიღება ზურაბიშვილს იმის გამო მოუწია, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია მზად არ არის. როგორც ლაშა ჟვანია ამბობს, პრეზიდენტი მედიასთან ხვალ გამოჩნდება.
„დღეს პრეზიდენტს შეხვედრები ჰქონდა მცირედი, მოკლე შეხვედრები ჩამოსული დელეგაციებს წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყნის. მადლობა გადაუხადა მათ ჩამოსვლისთვის და საქართველოსთვის პატივის დადებისთვის. ასევე ძველი ემიგრაციის, ასწლოვანი ემიგრაციის, ასწლოვანი ემიგრაციის წარმომადგენლებთან აქვს ახლა,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მომავალმა უფროსმა ლაშა ჟვანიამ.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ლაშა ჟვანიას განცხადებით, სავარაუდოდ მომავალი კვირისთვის სალომე ზურაბიშვილი თავად დაასახელებს გუნდს. გარდა ამისა, ლაშა ჟვანიას თქმით, ხვალ პრეზიდენტი მედიასთან შეხვედრასაც აპირებს.
„კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან მომავალი კვირის დასაწყისში ანუ ორშაბათს, პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს გუნდის შესახებ. ხვალისთვის ალბათ სავარაუდოდ პრეზიდენტი მოინახულებს ათონელის რეზიდენციას . საპრეზიდენტო ფლიგელი ჯერ შიგნიდან არ არის დასრულებული. მაგრამ სრულად დასრულებული არის ადმინისტრაციული ფლიგელი რომელიც უკან არის და პრეზიდენტი დროები საქმიანობას დაიწყებს ადმინისტრაციის ფლიგელში. ხვალიდან უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფლიგელი მოეწყობა,“-განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იქნება, თუმცა ჟვანიას ეს ინფორმაცია დღეს არ დაუდასტურებია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის გუნდში ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძეც მოიაზრება.