17 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
პატიმრის პროტესტი, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა - 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ გიორგი ფასეიშვილი გარდაიცვალა

40-დღიანი შიმშილობის შემდეგ გლდანის ციხის პატიმარი - 32 წლის გიორგი ფასეიშვილი, გარდაიცვალა.

საკანში პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას წარდგენილი ბრალის გამო მიმართა. მას გამოძიება დაჭრას ედავებოდა. ის თავს უდანაშაულოდ თვლიდა და საქმის გადახედვას მოითხოვდა. პროტესტის ნიშნად პატიმარი არც მედიკამენტებს იღებდა.

მისი მდგომარეობა განსაკუთრებით გუშინ დამძიმდა. ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე საათში კი გიორგი ფასეიშვილი გარდაიცვალა.

ის, რომ პატიმარი შიმშილობის გამო გარდაიცვალა, ადასტურებენ პენიტენციალურ სამსახურში. აქ დღეს კურიერის კითხვებს არ უპასუხეს, წერილობით განცხადებაში კი ამტკიცებენ, რომ პატიმრის მიერ პროტესტის ნიშნად გამოცხადებული შიმშილობის შესახებ ყველა უწყების ინფორმირება მოახდინეს.

ერთ-ერთი პირველი, ვისთვისაც პატიმრის მიერ პროტესტის ნიშნად გამოცხადებული შიმშილობის შესახებ ციხის ადმინისტრაციას უნდა ეცნობებინა, სახალხო დამცველია. მონაცემების გადამოწმების შემდეგ კი ომბუდსმენის აპარატში ამ შინაარსის შეტყობინება ვერ იპოვეს.

ნინო ლომჯარიას წარმომადგენლებმა დღეს ციხის აღრიცხვის დოკუმენტაციაც გადაამოწმეს, თუმცა, იქ არსად არის მითითებული, რომ პატიმარი წარდგენილი ბრალის გამო პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

რატომ დამალა ციხის ადმინისტრაციამ ინფორმაცია პატიმრის მიერ გამოცხადებული შიმშილობის შესახებ, ამას უკვე სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაადგენენ. ომბუდსმენის აპარატმა საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები