ბოლო 5 წელია საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები ოფიციალური დოკუმენტის დონეზე არავის გაუანალიზებია. ბოლო ასეთი ნორმატიული აქტი ქვეყნის ხელისუფლებამ 2010 წელს მიიღო, რომლის ვადაც 2013 წელს ამოიწურა. ნორმატიული ვაკუუმის ამოვსება "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში" სცადეს, სადაც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები გააანალიზეს და ხელისუფლებისთვის კონკრეტული რეკომენდაციებიც შეიმუშავეს. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ დოკუმენტი რეკომენდაციის ხასიათს ატარებს. მასში შესულია 4 ძირითადი საკითხები. მთავარ საფრთხედ დოკუმენტის მიხედვით კვლავ რუსეთი განიხილება. დასკვნაში მითითებულია, რომ რუსეთი გავლენის სფეროების გაზრდას ცდილობს საქართველოში.
„ბოლო 5 წელია საქართველოს ხელისუფლებას არ მოუმზადებია ღია საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. ეს არის ვალდებულება მისი კანონით და ეს არის მორალური ვალდებულება, რომ საკუთარ მოქალაქეებს ამცნოს ხელისუფლებას თუ რა საფრთხეების და გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. სამწუხაროდ მიუხედავად კანონში მითითებული მუხლისა ეს პროცესი არ ხდება საქართველოში. ამბობენ, რომ დახურული ვერსია აქვთ მაგრამ ჩვენთვის არის აქტუალური ღია ვერსია, რომელიც მოქალაქეებზე ვრცელდება. ამიტომ ჩვენ შევქმენით საინიციატივო ჯგუფი. ანალიტიკურმა ჯგუფმა დაწერა ეს საფრთხეების დოკუმენტი,“-განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ.
"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ დოკუმენტი საჯარო მსჯელობის საგანი უნდა იყოს და ამ პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია.
„ეს არ არის ჩაკეტილი, მხოლოდ პროფესიული საზოგადოებისთვის განკუთვნილი დოკუმენტი. ამაზე უნდა მიმდინარეობდეს ღია, საჯარო დისკუსია, მსჯელობა მთელს საზოგადოებაში. რადგან ყველა ის სექტორალური საფრთხე, რომელიც არის წარმოჩენილი ამ დოკუმენტში მთლიანობაში წარმოადგენს ერთი დიდი შემოტევის ნაწილს, რომელსაც ასევე მთელი საზოგადოებისა და განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან კონსოლიდირებული აღქმა, შეფასება და წინააღმდეგობის გაწევა სჭირდება,"-განაცხადა "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) დამფუძნებელმა და მედია ცენტრის დირექტორმა გიორგი თარგამაძემ.
დოკუმენტის განხილვას ესწრებიან როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. დაზვერვის ყოფილი უფროსი გელა ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ ანალიტიკოსების მიერ მომზადებული ეს დოკუმენტი დაეხმარება სახელმწიფოს შექმნას საუკეთესო ვარიანტი ქვეყნის საფრთხეების გასაანალიზებლად.
„საფრთხეების სწორი იდენტიფიკაცია, ანალიზი და შესაბამისად ამ დოკუმენტის საფუძველზე განვითარების სტრატეგიის შექმნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ ქვეყნისთვის რომელიც ნებისმიერი ქვეყნისთვის, მაგრამ განსაკუთრებით იმ ქვეყნისთვის რომელიც იმყოფება აი ასეთ მდგომარეობაში,“-განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.