ბუნებრივ აირზე საბოლოო ჯამში ტარიფი დარჩა მაინც უცვლელი - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში გაკეთდა.
სემეკის საბოლოო გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი 0.014 თეთრით, რეგიონის მოსახლეობისთვის კი 0.011 თეთრით შემცირდა. ტარიფი რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით განისაზღვრა.
„კომისიამ დღეს იმსჯელა, „ყაზ-ტრანს-გაზ თბილისის“, socar georgia gas-ს, „საქ ორ გაზის“ არეალში სამომხმარებლო ტარიფებზე და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სამომხმარებლო ტარიფები დარჩა უცვლელი, მინიმალურად შემცირდა. ზოგი კომპონენტი გაიზრდა, ზოგი კომპონენტი შემცირდა, საბოლოო ჯამში, ტარიფი დარჩა მაინც უცვლელი. მთავარი კომპონენტი, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ სამომხმარებლო ტარიფები შეგვენარჩუნებინა მოქმედ დონეზე, არის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სოციალური გაზის ფასი, რომელიც მოქმედ ტარიფში იყო გათვალისწინებული, შემცირებულიყო,“ - განაცხადა ირინა მილორავამ.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაზის ტარიფის შენარჩუნებაში ჩართული იყო სახელმწიფო. სუბსიდირების ხარჯზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, ბუნებრივი აირზე ტარიფის შენარჩუნება სახელმწიფო სუბსიდირების ხარჯზე მოხდა.
„იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გაზრდილიყო, მაგრამ სახელმწიფომ გამონახა გზა, რათა ეს ინვესტიცია არ აისახოს ტარიფში, არ დააწვეს მოსახლეობას და ეს მთლიანად ხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გზით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ლარის გაუფასურების გამო "ყაზტრანსგაზი" ფასის გაზრდას ითხოვდა, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ, „სოკარმა“ შეამცირა ღირებულება, რის გამოც ბუნებრივ აირზე მოსახლეობისთვის ფასი აღარ გაიზრდება. გადაწყვეტილება სემეკმა დღეს მიიღო.